"გადატრიალების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ფოტოგრაფი დინა ოგანოვა იკითხება. გამოკითხვაზე ის გუშინ დაიბარეს.
ფოტოგრაფი ერთ-ერთია, ვინც USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგში მონაწილეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გამოჰკითხა ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი; კინოპროდიუსერი, თიკო ნადირაშვილი; გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, გვანცა ჯობავა და სხვები.
ადვოკატების თქმით, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და გამოკითხულთა უმრავლესობას ხელი გაუთქმელობის საბუთზე აქვს მოწერილი, შესაბამისად დეტალებზე საუბარი უჭირთ. ადვოკატებმა განცხადებით უკვე მიმართეს პროკურატურას, რომ საქმეს მოიხსნას საიდუმლო გრიფი და ასევე გასაჯაროვდეს სუს-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერი , რომელიც სავარაუდოდ ასახავს ტრენინგის მიმდინარეობას.
***
სუს-მა პირველად 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყებამ განცხადებაში აღნიშნა, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
"გადატრიალების" შესახებ პროპაგანდისტულ და დაუსაბუთებელ საქმეზე მორიგ განცხადებაში სუს-მა ამჯერად USAID-სა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისაუბრა.
უწყების თქმით, სერბეთის სამი მოქალაქე, რომლებიც, მათივე მტკიცებით, დაკავშირებულები არიან 2003 წლის ვარდების რევოლუციის მოვლენებთან, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
სუს-ის მტკიცებით, მათი საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება "სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის" საკითხებში, მაგრამ, მათივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო.
უწყებამ ტრენინგის მონაწილეები და ორგანიზატორები გამოკითხვაზე ეტაპობრივად დაიბარა.